English / ქართული / русский /
ინეზა ვაწაძე
სოფლის ტურისტული ბიზნესის განვითრება როგორც ინკლუზიური ეკონომიკის ზრდის კონცეფციის რეალიზაციის ფაქტორი

ანოტაცია. დასაბუთებულია, რომ სოფლის ტურიზმი თანამედროვე მსოფლიოში სპეციალისტთა მიერ მიჩნეულია სოფლის მოსახლეობის დასაქმების ყველაზე პერსპექტიულ სფეროდ. ნაშრომში სოფლის ტურიზმის ეს მაჩვენებელი დაკავშირებულია საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ინკლუზიური განვითარების კონცეფციასთან. კონცეფციის რეალიზაცია, რაც მიიღწევა სოფლად ტურისტული ბიზნესის განვითარების გზით, ხელს შეუწყობს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას -უმუშევრობის შემცირებას და ცხოვრების დონის ამაღლებას. 

საკვანძო სიტყვები: სოფლის ტურიზმი, ინკლუზიური ეკონომიკა

შესავალი

ახალი ეკონომიკური ურთიერთობის ჩამოყალიბების პროცესისათვის დამახასითებელ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან ქვეყნის გამოყვანის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები, მიუხედავად მათი პოზიტიური შედეგისა, არ აღმოჩნდა საკმარისი სოციო-ეკონომიკური პირობების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისათვის. ქვეყანაში დღემდე მწვავედ დგას უმუშევრობისა და სიღარიბის პრობლემა, რამაც განაპირობა ამ პრობლემისადმი ახლებური მიდგომის აუცილებლობა, რომლის პრაქტიკული რეალიზაცია დაიწყო 2014 წელს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური სტრატეგიის (შემდგომში ,,საქართველო 2020“) შექმნით [3]. ,,საქართველო 2020“ დღევანდელი მთავრობის მაკროეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვან ინოვაციას წარმოადგენს. ამ ინოვაციის არსი გამოიხატება ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაზე ორიენტაციაში, რაც გულისხმობს მოსახლეობის საყოველთაო ჩაბმას ეკონომიკის ზრდის პროცესში. ინკლუზიური ეკონომიკური  ზრდის მიღწევისათვის აუცილებელია, რომ, პირველ ყოვლისა, მიღწეულ იქნეს მოსახლეობის რაც შეიძლება მეტი რაოდენობის ჩართვა ეკონომიკურ საქმიანობაში. ააქედან გამომდინარე, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებული უნდა იყოს მეურნეობის იმ სექტორის განვითარებაზე, რომლებშიც მეტია დასაქმების შესაძლებლობა და ნაკლებია ამ პროცესის ხელშემშლელი პირობები.

ჩვენი მოხსენების მიზანია ლიტერატურული წყაროების მიმოხილვის საფუძველზე იმის ჩვენება, რომ სოფლის ტურიზმი წარმოადგენს ინკლუზიური ეკონომიკური  ზრდის კონცეფციის რეალიზაციის ერთ-ერთ პერსპექტიულ საშუალებას. 

ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის კონცეფცია

ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაში საქართველოს დღევანდელი მთავრობა, ქვეყნის მთლიანი შიგა პროდუქტის შექმნაში ყველა სოციალური ფენის ჩართვასთან ერთად მოიაზრებს შესაბამისი ეკონომიკური ზრდის შედეგად მიღებული სიკეთის მეტ-ნაკლებად თანაბარ გადანაწილებას [1]. ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის კონცეფციით აკადემიური წრეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელმა ორგანომ – ზრდისა და განვითარების კომისიამ (Commission on Gowth and Development)  რომელსაც მსოფლიო ბანკთან ერთად ავსტრალიის, ნიდერლანდების, გაერთიანებული სამეფოსა და შვედეთის მთავრობებიც აფინანსებდნენ, გამოაქვეყნა ანგარიში მდგრადი და ინკლუზიური განვითარების (The Growth Report: Strategies for Sustained Gowth and Development) შესახებ (2008).

ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის კონცეფციისადმი სპეციალისტთა დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. შესაძლებელია ურთიერთ-საწინააღმდეგო, მკაფიოდ ჩამოყალიბებული ორი პოზიციის დაფიქსირება.  ერთი ჯგუფი მთლიანად იზიარებს მსოფლიო ბანკის ექსპერტთა გამოკვეთილ პოზიციას, რომლის მიხედვით ინკლუზიური ზრდა არის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მოდელი, რომელიც მოიცავს ორ საკვანძო პრინციპს. ერთი მათგანის მიხედვით ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის პროცესში უნდა იყოს ჩაბმული საზოგადოების ფართო ფენები. მეორე პრინციპი ითვალისწინებს ზრდის შედეგების სამართლიან განაწილებას. განაწილების დროს წარმოქმნილი პრობლემების გადაწყვეტა კი ხდება ეკონომიკურ მეცნიერებაში აპრობირებული სტანდარტული ინსტრუმენტების გამოყენებით. ამ მოდელის მიხედვით პრიორიტეტი ენიჭება ისეთ პოლიტიკას, რომელიც რესურსების, პირველ რიგში, ადამიანური რესურსების, მაქსიმალურ ათვისებას უწყობს ხელს [2]. მსოფლიო ბანკის შეფასებით ეკონომიკური ზრდა უდაოდ აუცილებელია სიღარიბის შესამცირებლად, მაგრამ იმისათვის, რომ ზრდა იყოს მდგრადი, მან უნდა უზრუნველყოს სამუშაო ძალის ფართო ჩართულობა ზრდის პროცესში.

ამის საპირისპირო პოზიციაზე მდგომი სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ინკლუზიურობა ხელს კი არ უწყობს ეკონომიკურ ზრდას, არამედ პირიქით, აფერხებს მას. ამ შეხედულების მიმდევრები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა ღარიბთა შემოსავლის ზრუნვა ვერ იქნება. პრაქტიკაში სიმდიდრის უფრო თანაბარი განაწილება, რაც ინკლუზიური ზრდის კონცეფციის უმნიშვნელოვანესი  ნაწილია, საკმაოდ ხშირად სიმდიდრის გადანაწილებით მიიღწევა. სიმდიდრის გადანაწილების ძირითდი ინსტრუმენტები კი არის მაღალშემოსავლიანი სეგმენტის უფრო მეტად  დაბეგვრა, ქონების კონფისკაცია და ღარიბთათვის დარიგება, ქველმოქმედება და სხვ., რომლებიც ეკონომიკისათვის აშკარა ანტისტიმულების შემცველი ღონისძიებებია და იწვევენ ბაზრის დამახინჯებას, ბიზნესაქტივობების და ინვესტორთა ნდობის შემცირებას და სხვა სრულიად აშკარა უარყოფით  შედეგებს.

წინამდებარე სტატია არ ითვალისწინებს ინკლუზიური კონცეფციის ირგვლივ გამართულ თეორიულ დისკუსიაში ავტორის ჩაბმას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ინკლუზიური ეკონომიკის მომხრეთა პოზიცია უფრო მეტად არის დასაბუთებული. აქედან გამომდინარე ჩვენს ამოცანას წარმოადგენს იმის ჩვენება, რომ სოფლის ტურიზმის განვითარების საფუძველზე შესაძლებელია სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილის დასაქმება, შესაბამისად, რეგიონისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალურ-ეკონომიკური ეფექტის მიღწევა. 

სოფლის ტურიზმის კონცეფცია

სოფლის ტურიზმი ეწოდება ტურიზმის ყოველგვარ სახეობას, რომელიც ხორციელდება სოფლად, ადგილობრივი რესურსების და სპეციფიური ტექნოლოგიის გამოყენებით და უზრუნველყოფს სპეციფიური ტურისტული პროდუქტის შექმნას. როგორც დეფინიციიდან ჩანს, ტერმინი ,,სოფლის ტურიზმი" წარმოადგენს კრებსით ცნებას. სხვადასხვა ავტორები სხვადასხვანაირად აყალიბებენ ამ ცნებით ნაგულისხმევ ტურისტული მიმართულების ნომენკლატურას. მაგრამ ეს ნომენკლატურები იდენტურნი არიან და ყოველთვის მოიაზრებენ ტურიზმის ისეთ მიმართულებას, როგორიცაა ,,აგროტურიზმი“, ,,ღვინის ტურიზმი“, ,,რეკრეაციული ტურიზმი“ და სხვ. სოფლის ტურიზმის არსის ინტერპრეტაციის დროს სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ ყოველგვარი ტურისტული მოთხოვნილების - განთავსების, კვების, ექსკურსიების, დასვენების, სპორტული ღონისძიებების და სხვა ორგანიზაციულ-სამეურნეო უზრუნველყოფას კისრულობს მასპინძელი ოჯახი, რომელიც გაწეული მომსახურების გაყიდვით იღებს შემოსავალს [4, 23]. ამრიგად სოფლის თემის ჩართულობა ტურიზმის ინდუსტრიაში ხელს უწყობს ოჯახების დამატებითი შემოსავლების გაზრდას და სოფლად მეწარმეობის განვითარებას [24,8]. სპეციალისტთა მიერ იდენტიფიცირებულია სოფლის ტურიზმისათვის დამახასითებელი ნიშან-თვისებები, რომელთა გამო მომხმარებელთა მნიშვნელოვანი რაოდენობა უპირატესობას ანიჭებს სოფლის ტურიზმს. ადამიანები ირჩევენ ტურიზმის ამ სახეობას იმის გამო, რომ ექმნებათ

 მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შფოთიანი გარემოდან თავის დაღწევის და წყნარ, მშვიდ იდილიურ პირობებში დასვენების,

 ბუნებასთნ უშუალო ურთიერთობის,

 ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი სარგებლობის,

 ეკონომიურად ხელმისაწვდომობის შესაძლებლობები.

დასვენების ამ ფორმისადმი განსაკუთრებულ  ინტერესს ავლენენ ასაკიანები -ბებიები და ბაბუები, რომელთაც სურთ თავიანთ შვილებთან და შვილიშვილებთან დასვენება იმისათვის, რომ შეუქმნან მათ სოფლის ცხოვრების გაცნობის შესაძლებლობა [12].ჶეს ფაქტი აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული საქართველოს რეგიონების სოფლის ტურიზმის ბაზრის კვლევის დროს რადგანაც, როგორც ცნობილია, მოსახლეობის დაბერება წარმოადგენს თანამედროვე ქართულ სინამდვილეში დემოგრაფიული პროცესის ტრენდს.

 სოფლის ტურიზმის წარმოშობას მეცნიერთა ერთი ნაწილი აკავშირებს 50-70-იან წლებში ევროპის რეგიონში განვითარებულ ინტეგრაციულ პროცესებთნ. მაგალითად, ვ. ი. ვოსკრესენსკი თვლის, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის კონკურენციის გამწვავებამ ევროპულ ბაზარზე საფრანგეთში გამოიწვია მოსახლეობის გამალებული მიგრაცია უპერსპექტივო სოფლებიდან მსხვილ ქალაქებში, რის გამოც საფრთხე შეექმნა სოფლის არსებობას. საჭირო შეიქმნა სასწრაფო ღონისძიებების გატარება სოფლის შენარჩუნებისათვის. ამასთან დაკავშირებით მთავრობამ ამოცანად დაისახა იმის ჩვენება, რომ სოფლად ფულის გამომუშავების საშუალება მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო წარმოება არ არის. ამის დასამტკიცებლად სახელმწიფომ სოფლად რამდენიმე ათეული მიტოვებული კარმიდამო აღადგინა. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოებასთან ერთად ამ კარმიდამოებმა დაიწყეს ქალაქელი ტურისტების მიღება. დადასტურდა, რომ ამ გზით შესაძლებელია მომგებიანი ბიზნესის გამართვა არასასოფლო-სამეურნეო წარმოების ბაზაზე. ამასთან ნაჩვენები იყო, რომ ეს ბიზნესი არ მოითხოვს დიდ ფინანსურ ინვესტიციებს [6. გვ.401]. აგრარულ ჭარბწარმოებაზე რეაქციას წარმოადგენდა 1980-იან წლებში ევროპის ქვეყნების მიერ აღიარებული სოციალ-ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებდა რეგიონების გადაყვანას აგროწარმოების სფეროდან მომსახურების სფეროში, კერძოდ ახალ სფეციფიკურ ეკონომიკურ საქმიანობაში - სოფლის ტურიზმში მოსახლეობის ჩაბმას [10].

სტატიის მიზანი უშუალოდ გამომდინარეობს ,,საქართველოს 2020-ის“ კონცეფციიდან და შეესაბამება ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015-2020 წწ-ს“ (შემდგომში ,,სტრატეგია 2015-2020“).  ,,სტრატეგია 2015-2020“-ში დაფიქსირებულია საქართველოს სოფლის მეურნეობაში შექმნილი მძიმე მდგომარეობა და დასახულია ამ მდგომარეობიდან გამოსვლისათვის აუცილებელი ღონისძიებები.  ,,სტრატეგია 2015-2020“-ის მიხედვით ამჟამად სოფლის მეურნეობაში დასაქმებულად ითვლება ქვეყნის დასაქმებული სამუშაო ძალის 52%, საიდანაც 98% თვითდასაქმებულია. დაბალია სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობები, დაბალია სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელთა დიდი ნაწილი ნატურალური მეურნეობის ტიპისაა და მათ მიერ წარმოებული პროდუქტები ძირითადად გამიზნულია საკუთარი მოხმარებისათვის. ეს იწვევს ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის ზრდას, შესაბამისად აგრარული პროდუქციის წარმოებისა და საკუთარი წარმოების პროდუქციით უზრუნველყოფის მაჩვენებლების შემცირებას, რაც სერიოზული პრობლემის წინაშე აყენებს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას. ყოველივე ეს განაპირობებს აგრარული პოლიტიკისადმი ახლებური მიდგომის აუცილებლობას. ეს მიდგომა ჩამოყალიბებულია ,,სტრატეგია 2020“-ში და გულისხმობს უახლოეს წლებში სოფლად აგრარული პროფილის ახალი სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირებას. ჩვენი მიზანია იმის დასაბუთება, რომ სოფლად ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ყველაზე რაციონალურ გზას დღეისათვის წარმოადგენს სოფლის ტურიზმის განვითარება.

სოფლის ტურიზმი დღეისათვის აღიარებულია მთელს მსოფლიოში ტურისტული ინდუსტრიის ყველაზე დინამიურ, სწრაფადმზარდ და პერსპექტიულ მიმართულებად, რომელმაც გავრცელება ჰპოვა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში. მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის შეფასებით სოფლის ტურიზმი შედის 2020 წლამდე ტურიზმის განვითარების სტრატეგიული მიმართულებების ხუთეულში. სპეციალისტთა დაკვირვებით ევროპაში სოფლის ტურიზმის წილად მოდის ტურისტული ინდუსტრიიდან მიღებული შემოსავლის 10-20% [13]. სოფლის ტურიზმის სწრაფად გავრცელებას ხელი შეუწყო იმან, რომ ტურისტული ინდუსტრიის ეს მიმართულება ხასითდება სოფლად სამუშაო ადგილების შექმნისა და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარების მაღალი პოტენციალით. სოფლის ტურიზმმა სწრაფად მოიპოვა დიდი პოპულარობა, რაზეც მეტყველებს მისი პრობლემებისადმი მიძღვნილი პუბლიკაციების სიუხვე.

სოფლის ტურიზმს მთელს მსოფლიოში განიხილავენ როგორც სასოფლო თემის გამოცოცხლების ფუნდამენტურ მექანიზმს [17]. იგი წარმოადგენს ერთ-ერთ ეკონომიკურ შესაძლებლობას იმ მცირე შესაძლებლობებიდან, რაც სოფელს გააჩნია დეპრესიიდან თავის დასაღწევად [29]. Gulcan U. თანამშრომლებთან ერთად ადასტურებს, რომ სოფლის ტურიზმს აქვს იმის პოტენციალი, რომ პირდაპირი სარგებელი მოუტანოს ადგილობრივ საზოგადოებას ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით, კერძოდ, რეგიონული იდენტურობის, ადგილობრივი ტრადიციების შენარჩუნების და სოფლად ახალგაზრდობის დასაქმების მიხედვით [22,19]. სოფლის ტურიზმი, განსაკუთრებით მიზნობრივი პროგრამების რეალიზაციის პირობებში, დადებით გავლენას ახდენს სოფლის ტერიტორიის შენარჩუნებასა და განვითარებაზე, მისი რესურსული პოტენციალის რაციონალურ გამოყენებაზე. სტიმულს სძენს პირადი, დამხმარე მეურნეობების განვითარებას, აფართოებს მოთხოვნილებას ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალურ კვების პროდუქტებზე, სტიმულს აძლევს სოფლის ტერიტორიის უკეთ მოწყობას, ხალხური რეწვის, კულტურისა და თვითმყოფადობის განვითარებას, ანუ ხელს უწყობს სოფლად სოციალურ-ეკონომიკური პრობლემის მოგვარებას [5,9]. სოფლის ტურიზმის, როგორც სამეურნეო საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უშუალოდ ტურისტული დანიშნულების ადგილზე შეძენის შესაძლებლობა. საკითხი იმდენად აქტუალურია, რომ მთელ რიგ ქვეყნებში იგი მიჩნეულია სოფლის ტურიზმის პრიორიტეტულ ამოცანად [28]. სოფლის ტურიზმის, კერძოდ, მისი მნიშვნელოვანი სახეობის - აგროტურიზმის დადებითი გავლენა ეკონომიკისა და სოციალურ სფეროზე, დადასტურებულია მსოფლიო გამოცდილებით: რეგიონებში, სადაც განვითარდა აგროტურიზმი, გაიზარდა სოფლის მცხოვრებთა შემოსავლები, გაფართოვდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ასორტიმენტი, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, დაიწყო ინფრასტრუქტურული ქსელის განვითარება, გააქტიურდა შიგა ტურიზმი [11]. 

სოფლის ტურისტული ბიზნესი როგორც სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარების საშუალება

დღეისათვის სასოფლო-სამეურნეო წარმოების დაბალშემოსავლიანობა მწვავე პრობლემად დგას არა მხოლოდ ჩამორჩენილი და განვითარებადი, არამედ, მათთან  ერთად განვითარებული აგრარულ-ინდუსტრიული ქვეყნების მთავრობის წინაშე. უილიამ გარტნერი, მინოსეტას (აშშ) უნივერსიტეტის გამოყენებითი ეკონომიკის პროფესორი, რომელმაც ჩაატარა სოფლის ეკონომიკის საფუძვლიანი მიმოხილვა სექტორული ანალიზის გამოყენებთ [21] მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ამერიკის სოფლის ეკონომიკა განიცდის ისეთ ცვლილებებს, რომლებიც ამცირებენ მრავალი სასოფლო თემების სიცოცხლისუნარიანობას. გარტნერის მიხედვით უკანასკნელი 30 წლის მანძილზე აშშ-ში სამუშაო ადგილების საერთო რაოდენობის გაზრდის პირობებში, სოფლად სამუშაო ადგილების რაოდენობა სისტემატურად მცირდებოდა. ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო  საქმიანობა, რომელზედაც ისტორიულად სოფლის თემი იდგა, ამჟამად საჭიროებს მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ შენარჩუნებულ იქნეს ეს საქმიანობა იქ, სადაც იგი ჯერ კიდევ არსებობს. გარტნერი თვლის, რომ დღეისათვის სოფლის ტურიზმი წარმოადგენს დომინანტ ეკონომიკურ ძალას ამერიკის სოფელში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სოფლად საქმიანობის განვითარების ძველი მოდელები ნაკლებად სიცოცხლისუნარიანნი არიან. გარტნერს მიაჩნია, რომ დღეისათვის სოფლის რაიონების განვითარება  ძლიერ, ვიდრე ოდესმე, დამოკიდებულია ტურიზმზე, რამდენადაც სხვა სექტორების მნიშვნელობა დროთა განმავლობაში თანდათან მცირდება ან მოითხოვს გადასახადების გადამხდელთა მხარდაჭერას იმისათვის, რომ განაგრძონ ფუნქციონირება. სოფლის ტურიზმის განვითრება, გარტნერის შეხედულებით, განხილული უნდა იქნეს მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტივობის კონტექსტში, რაც ნაკლებად არის დაკავშირებული გართობასა და თამაშებთნ. გარტნერის შეფასებით არ არის ეკონომიკური საქმიანობის სხვა ფორმა, რომელსაც უკანასკნელი 35 წლის მანძილზე გამოევლინებინოს სამუშაო ადგილების გაზრდის ისეთი შესაძლებლობა, როგორც ეს შეძლო სოფლის ტურიზმმა.

შედარებით ახალი კაპიტალური მიმოხილვის [21] წინასიტყვაობაში, კრებულის რედაქტორი K. Daschper-ი აღნიშნავს, რომ უკანასკნელი 25 წლის გამოცდილება მიუთითებს სოფლის ტურიზმის აქტიურ ზრდაზე. ამის მაჩვენებლად ავტორი სამართლიანად მიიჩნევს ქალაქის მოსახლეობის სწრაფვას სოფლისაკენ.

ტურიზმის ცნობილი ექსპერტი A. Dake ადასტურებს სასოფლო-სამეურნეო წარმოების დაბალშემოსავლიანობას და აღნიშნავს, რომ სოფლის ტურიზმის, კერძოდ აგროტურიზმის ფილოსოფია გამოიხატება სოფლის მეურნეობის განვითარებით, ფერმერთა და სოფლის საზოგადოების შემოსავლებისა და და ცხოვრების ხარისხის ამაღლებით. ამ ავტორის რწმენით აგროტურიზმი ადამიანებსა და საზოგადოებას აძლევს ცოდნას სოფლის მეურნეობის შესახებ და, შესაბამისად, ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას ადამიანთა დასაქმებით, ადგილობრივი პროდუქტების პრომოუშენისა და დამატებული ღირებულების შექმნის გზით. ადგილობრივთა დასაქმებითა და შემოსავლების გაზრდის ხელშეწყობით აგროტურიზმი ხელს უწყობს ურბანიზაციის დონის შემცირებას [18].

შ. ძოტო  და მისი თნამშრომლები აფიქსირებენ, რომ დღეისათვის მრავალი ქვეყნის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს სოფლის მეურნეობის დაბალი რენტაბელობა; ამ ავტორების მიხედვით აგროტურიზმი მიზნად ისახავს სოფლის საზოგადოების, განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა ცხოვრების დონის ამაღლებას. ისინი აღნიშნავენ, რომ თუ ადრეულ ეტაპზე ტურიზმი მხოლოდ ტურისტული ღირსშესანიშნაობით ტკბობას გულისხმობდა, სოფლის ტურიზმის კონცეფციით დღეს იგი წარმოადგენს ტურისტული და სოფლის მეურნეობის სექტორების პარალელურად განვითარების საფუძველზე რეგიონის განვითარების მოდელს [30].

ტ. ტროფიმოვას  სპეციალური გამოკვლევით [14] დადგენილია, რომ სოფლის ტურიზმი წარმოადგენს რეგიონული ეკონომიკის არასასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიან დარგს, რომელსაც ახასიათებს შემდეგი თავისებურებები:

- არ მოითხოვს დიდ კაპიტალდაბანდებას;

- ბიზნესის დაწყება შესაძლებელია ხელთარსებული მცირე ფინანსური შესაძლებლობებითაც;

- ბიზნესში შეიძლება ჩაებას მეწარმის მთელი ოჯახი და, შესაბამისად, შესაძლებელია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა  საკუთარი სახლიდან გაუსვლელობის პირობებშიც.

სოფლის ტურიზმის და ტურიზმის სხვა სახეების შედარებითი ექსპერტული შეფასებით ტ. ტროფიმოვამ დაადგინა, რომ მცირე ხარჯების გაწევის პირობებში ,,სოფლის სახლის“ (განთავსების გავრცელებული საშუალება) რენტაბელობამ 300% შეადგინა და 15-19-ჯერ აჯობა ტრადიციული ტურიზმის სახეების რენტაბელობას (16-20%).

სოფლის ტურიზმის ხელშეწყობის იდეა დაფუძნებულია იმის მოლოდინზე, რომ თუ ტურისტები შეიძენენ ცოდნას და გააცნობიერებენ სოფლის მეურნეობის მნიშვნელობას. ეს ხელს შეუწყობს მიწათმოქმედთა (ფერმერთა) ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, რომლებშიც სოფლის მეურნეობა ჯერაც ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია [16]. მართლაც, სპეციალური გამოკვლევებით [25] დადასტურდა, რომ სოფლის ტურიზმის განვითარება განსაკუთრებულ სოციალურ-ეკონომიკურ ეფექტს ავლენს ისეთ ქვეყნებში, სადაც დიდია სოფლის მოსახლეობის წილი მოსახლეობის საერთო რაოდენობაში. მაგალითად, ინდოეთში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ეკონომიკაზე სოფლის ტურიზმის გავლენა გამოიხატება, პირველ ყოვლისა, მოსახლეობის დასაქმებასა და შემოსავლების გაზრდაში. ამასთან, სოფლის ტურიზმი ხელს შეუწყობს რეგიონში (ქვეყანაში) უცხოური ვალუტის შემოდინებას, სხვა საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნილების გაზრდას, სახელმწიფო შემოსავლების გაზრდას,  სოფლის მეურნეობისა და სხვა სასოფლო საქმიანობის მოდერნიზაციას, სასოფლო თემის განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, კულტურების გაცვლას, აგროკულტურებისა და სოფლის კუსტარული ნაწარმის ბაზრის გაფართოებას. ძალზე მნიშვნელოვანი ეფექტია ის, რომ სოფლის ტურიზმის განვითარების შედეგად მცირდება სოფლის მოსახლეობის მიგრაცია ქალაქებში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა ქვეყნებში სოფლის ტურიზმის განვითარების შედარებითი ანალიზის საფუძველზე  Anestis K.Fotidis-ი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სოფლის ტურიზმის განვითარება ხელს უწყობს როგორც ეკონომიკურად დაწინაურებული, ასევე შედარებით ნაკლებად განვითარებული ქვეყნის შემდგომ განვითარებას [20]. იმავე ავტორის მიხედვით ევროპის ყველა ქვეყანაში სოფლის ტურიზმს განიხილავენ არა როგორც საბაზო, არამედ როგორც დამატებით საქმიანობას.

საქართველოს სოფლის ტერიტორიები 1990-იანი წლებიდან მოყოლებული სტაგნაციის მდგომარეობაში იმყოფებიან. ცნობილია, რომ ასეთი მდგომარეობისათვის დამახასიათებელია უმუშევრობა, გაღარიბება, სოფლიდან ადამიანთ მიგრაცია და საბოლოო ჯამში, სოფლის გაჩანაგება. ამ პრობლემას, მიუხედავად მთავრობის მიერ დასახული ღონისძიებებისა, დღემდე სიმწვავე არ დაუკარგავს. როგორც ბოლო დროს ჩატარებული საყოველთაო აღწერის მონაცემები მოწმობენ, სოფლის მოსახლეობის წილი მოსახლეობის საერთო რაოდენობაში სწრაფი ტემპით მცირდება. თუ 2001 წელს სოფლის მოსახლეობის წილი 48,2%-ს შეადგენდა, 2015 წლისათვის ეს მაჩვენებელი 42,6%-მდე შემცირდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა საქართველოს მთიან რეგიონებში, მათ შორის რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში, სადაც სისტემატურად მატულობს დაცარიელებული სოფლების რიცხვი. იმისათვის, რომ თვიდან ავიცილოთ საქართველოს მთიანი რეგიონების სოფლების სრულიად რეალური უახლოესი ტრაგიკული მომავალი, საჭიროა სასწრაფო საგანგებო ღონისძიებების განხორციელება. ამ ღონისძიებების შერჩევის დროს უნდა ვიხელმძღვანელოთ პრინციპით, რომლის მიხედვით არ არსებობს ,,არასიცოცხლისუნარიანი“ სოფელი და არასაკმარისი აგრარული პოტენციალი შეიძლება ჩანაცვლებული იქნეს საქმიანობის სხვა ეფექტიანი სახეებით.

სოფლის ტურიზმი გავლენას ახდენს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით მიღებული შემოსავალზე პირდაპირ, როგორც ფერმერთა დამატებითი შემოსავლის წყარო, ამასთნ არაპირდაპირაც, იმით, რომ ხელს უწყობს რეგიონში ფულის შემოდინებას. სოფლის ტურიზმი წარმოადგენს ალტერნატივას მოსახლეობის იმ ნაწილისათვის, რომელსაც არ შეუძლია მხოლოს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით თვის რჩენა. სოფლის ტურიზმი ხელს უწყობს  სოფლის ბუნებრივი რესურსების დაცვას და პოპულარიზაციას. ეს მშობლიურ სოფელში დარჩენის სტიმულს აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას [27].  იმისათვის, რომ ტურიზმით დასაქმდნენ, ფერმერებს ორი ალტერნატივა აქვთ: მათ შეუძლიათ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის პარალელურად მოემსახურონ ტურისტებს საცხოვრებლით ან ექსკურსიების ორგანიზაციით. ამ შემთხვევაში ფერმერი ხდება მეწარმე სოფლის ტურიზმის სფეროში. მეორე ვარიანტი იმით გამოიხატება, რომ ფერმერი თავის პროდუქციას - საკვებ პროდუქტებს, ხელოსნობის ნიმუშებს აწვდის ტურიზმის ეკონომიკას. ამ შემთხვევაში ფერმერები წარმოადგენენ ტურიზმის სექტორში საქონლის მიმწოდებლებს, რაც თვისი ხასიათით, გაცილებით უფრო ახლოა მათ ძირითად ბიზნესთნ - სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებასთნ. სოფლის ტურიზმის განმასხვავებელი ნიშანია ტურისტისათვის ინდივიდუალური ტურისტული გამოცდილების, სასოფლო ადგილების კულტურული და ,,ადამინური ურთიერთობის გარემოს“ მიწოდება და ტურისტის სურვილისამებრ, იმის პირობების შექმნა, რომ ტურისტმა მონაწილეობა მიღოს სოფლის ცხოვრებაში, კერძოდ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში [15].

ი. ლ. პოლიაკოვა და მ.პ. გრიგორიევა, რომლებიც სპეციალურად იკვლევდნენ სოფლის ტურიზმის თვისებურებებს, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ამ სფეროში ბიზნესის ორგანიზება შეიძლება განხორციელდეს ყველაზე ნაკლები დანახარჯებით, რადგანაც, როგორც წესი, არ მოითხოვს თნამშრომელთა შტატის შესანახ განსაკუთრებულ დანახარჯებს, არ წარმოადგენს დიდ მეურნეობას [12].

მსოფლიოში ცნობილი სოფლის ტურიზმის მოდელები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ტურისტის დაბინავების ორგანიზაციულ-ტექნოლოგიური თავისებურებებით. დაბინავება სოფლის ტურისტული პროდუქტის მთავარი კომპონენტია, რომელიც ძირითადად განსაზღვრავს ტურის ღირებულებას, მაშასადამე, მასპინძლის შემოსავალს. სოფლის ტურიზმის კონტექსტში დაბინავების არსი იმაში მდგომარეობს, რომ სოფლის მცხოვრებლები, რომელთაც აქვთ ცარიელი სახლები, სართულები ან ოთახები საკუთარ საცხოვრებელში, მიაქირავებენ სტუმრებს ბინებს მინიმალური ავეჯით, სამზარეულო ჭურჭლით, თეთრეულით და ა. შ., ორი დღიდან დაწყებული რამდენიმე თვის ვადით. მასპინძლის მიერ გაწეული მომსახურება ამ შემთხვევაში ამოიწურება, თნამედროვე ტურისტული ტერმინი რომ ვიხმაროთ ,,განთავსებით“. რა თქმა უნდა, მოლაპარაკების შესაბამისად შეიძლება სხვა სახის მომსახურებაც (ვთქვათ რაიმე გასართობი ღონისძიებების შეთავაზება).

განთავსებასთან დაკავშირებული მომსახურება შეადგენს საოჯახო სასტუმრო ბიზნესის არსს. მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ სოფლის ტურიზმის განვითარება მცირე საოჯახო სასტუმრო ბიზნესის სახით დღეს წარმოადგენს სოფლის მოსახლეობის ნაწილის არასასოფლო-სამეურნეო წარმოების პროცესში გადართვის, შესაბამისად, დასაქმების მსხვილ სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამას [10]. 

დასკვნა

შესწავლილი ლიტერატურული წყაროებით სარწმუნოდ დასტურდება, რომ სოფლის ტურიზმის განვითარება შეიძლება მიჩნეული იქნეს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თანამედროვე სტრატეგიის ძირითდი კონცეფციის - ინკლუზიური ეკონომიკური განვითრების მიღწევის საშუალებად, რომელიც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო რაციონალურად გამოვიყენოთ სოფლის რესურსები, შედარებით მცირე ფინანსებით ვაწარმოოთ ბიზნესი სოფლად, მივაღწიოთ ინვესტირებული კაპიტალის სწრაფ და ეფექტიან უკუგებასა და დაგეგმილი სოციალურ-ეკონომიკური შედეგების, კერძოდ სამუშაო ადგილების რაოდენობის გაზრდასა და სიღარიბის დონის შემცირებას. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ბერიძე.ს ინკლუზიური განვთარება ქართულად //,,Forbs Georgia”, 2016, 11.07
  2. გოთუა გ. ინკლუზიური ზრდა და შესაძლებლობებზე  ორიენტირებული მიდგომა -ალტერნატივები საქართველოს განვითარების პოლიტიკისათვის //ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი JDFJ. 2015, 10.10. https://idfi.ge/...linc/usive-growth-capability-approach-altern.
  3. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია (საქართველო 2020).
  4. Башмачникова Е. В.  Сельский туризм - одно из направлении сельских территории России. https://www.mtk.filajankohtasta /uutieset/uutiset/ -2011/ f: Bashmachnikova.doc.
  5. Волков С. К.  Сельский туризм в РФ: тенденции и перспективы развития ..Экономика, предприниматедьство и право.  2012 № 6 (17) с.30-38
  6. Воскресенский В. Ю. Международний туризм. 2- е изд. –М. : ЮНИТИ- ДАНА 2013.- 463 с.
  7. Заричная А. А. Европейский опыт развития сельского туризма//Экономика Крыма. 2011. № 4 (37).
  8. Казьмина Э. Б. Развитие услуг Сельского  туризма в Россииских регионах. Автореф. Диссерт. на соиск. Уч. Степ. К. Эк. Науки. Москва. 2012.
  9. Кундиус В. Ф. Чермянина В. В П. Проблемы и перспективы агротуризма в регионе //Известия Адьтаиского гос. Университета. 2011, № 2.
  10. Основы концепции развития эко-агротуризма в россииской провинции Ассoциaция мирового экономического развития. www.wildnet.ru/images/ierg/2013/06/ 04dx.
  11. Остапенко  И. И. Агротуризм зарубежный опыт и практика //Актуальные проблемы гуманитарных и естественных наук. 2013, № 3.
  12. Полякова И. Л.  Григорьева М. П. Сельский туризм:  классификация и особенности организации //Сетевой научный журнал - Сервис в России и за рубежом.  2017 т. II,  № 5 (75).
  13. Семиглазова В Ф Оценка  развития Сельского  туризма в Россииских регионах //Экономика и социюм, 2015.   № 1 (14).
  14. Т рофимова T. Территорифдьная организация  Сельского  туризма в Байкальском регионе. Автореф. Диссерт. на соиск. Уч. Степ. К. географических. Наук.- Улан-Удэ . 2005.
  15. Agriterra. Rural tourism development, beween dreams and realities 2009, http://www.agri terra.org/fr/news/57066/rural tourism – development –dreams – realities? Page=10(access:11.07.2013).
  16. Akpinar N., Talay I., Ceylon C., Gundus S. (2005) ,,Rural women and Agrotourism in the context of sustainable rural development : Acase Study From Turkey”. Environment Development and Sustainability, pp 473-486
  17. Costa C. A. and Chalip L. Adventure sport tourism in rural revitalization: An ethnographic evaluation //European Sport Management Quarterly. 2005. 5 (3).
  18. Dake A. Agrotourism is an Immerging fied of Sustainable Development fir Rural Area: A case study of Bhor Tahsil of Maharashtra //International research journal of Multidiscipliner Studies. 2016, vol. 2, №1.
  19. Dimitrovski D.D., Todorovic A.T. and Valjarevic A.D. Rural tourism and the region of Gruta, SERBIA //Procedia Envir.onmental Sceance, 2012, 14.
  20. Fotiadis K.Anestis. Acomparative analysis of rural tourism development in Hungary and Greece //African Journal of B usiness Management. 2011. Vol. 5 (19).
  21. Gartner W.C.A Perspective on Rural Tourism Development //The journal of Regional Analysis. 2005.35
  22. Guican Y., Kuctepeli Y. and Akgnngor S. Public and development of the tourism industry in the Aegean region //European Planing Studies. 2009, 17  (10).
  23. Kurleto M. The specificity of rural tourism development from the perspective of innovative driving forces //journal Manegment Sciens and Education. 2014, Volum 3, issue 2.
  24. Merican R., Ruzian M.and Azol A. Homestay industries: Surviving the Legal Challenges//Pertanika journal of Social Scienses & Humanities, 2014, 22, 309-328.
  25. Nisha Ratore. Rural tourism impast, challenges andapportunittes //Zenith International Journal of Business Economics & Management Research. Vol. 2 Issuez, febrary 2012.
  26. Rural Tourism: An International Perspective. Edited by Katherine Daschper. Cambridge scholars Publisching, UK 2014. P. 421.428.
  27. Seraphin N. Entrenership in tourism os a driver for recovery and sustainabledevelopment of countryside in Haltl. The guest houses as a stroung potential option. The guest houses as a strong potential option, The University of Winchester, UK 2013.
  28. Vangjeli E., Zoto S., Xhemo F. Agrotourism the Alternative for a constant rural development (study case Korca,s Region) 2014.
  29. Wilson S., Fesenmaier D., Fesenmaier  J. and wan Es J.C.Factors for success in rural tourism //Journal of Travel Research. 2001. №20.
  30. Zoto S., Qirici E., Polena e. Agrotourism – A. Sustainable Development for Rural Area of Korea // European Academic research. Vol. 1. Issue 2. May, 2013.